რედაქცია

პოლიტიკა

დაკარგული შანსების ქვეყანა

562 ნახვა

დღეს საქართველო თვალს ადევნებს ბოლო 9 წლის მანძილზე ჩვეულ სურათს - ამას უკვე დეჟავიუც არ ჰქვია - მთელი ქვეყანა დეტალებში იმეორებს თავისივე გამოცდილებას, თანაც ზედმიწევნით ზუსტად.
ოღონდ, ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ იმას, რაც წარსულ გამოცდილებაზე ბევრად უარესია - ქვეყანა კარგავს გაჯანსაღების და წინსვლის ალბათ ერთ-ერთ ბოლო შანსს.
ორშაბათს თბილისში დაიწყო მიტინგების და საპროტესტო აქციების მორიგი ტალღა - დაიწყო რიხიანად, ხმამაღლად, იმედისმომცემად - სპონტანურად, ჟურნალისტების და საზოგადოებრიობის მოწოდების საპასუხოდ, პარლამენტის წინ 15-20 ათასი ადამიანი შეგროვდა..
თუმცა, ეს საქართველოა და მდიდარი გამოცდილება გვკარნახობს - ხშირად, აქ ყველაფერი ისე არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მუხტი, რომელიც რამდენიმე საათში, ემოციურ ტალღაზე აინთო, შესაძლოა, ასევე რამდენიმე საათში ჩაქრეს - ხალხმრავალი აქციები შემდეგ მაღალი ალბათობით დაიწყება მოძრაობის შესუსტდება.
შავრაზმელების მიერ ჟურნალისტების ცემის და ერთ-ერთის მკვლელობის მიერ გამოწვეული აღშფოთება იმაზე სწრაფად გამოილია, ვიდრე მოსალოდნელი იყო.
20 ივნისის შემდეგ საპროტესტო მოძრაობამ 4 დღე გასტანა - 4 დღის მანძილზე პარლამენტის წინ ათასობით ადამიანი გროვდებოდა. სწორედ ამან აიძულა მაშინ ივანიშვილი პროპორციულ არჩევნებზე დათმობაზე წასვლა. უწყვეტი და მრავალრიცხოვანი პროტესტი - პოლიტიკოსების არაადეკვატურობის პირველი და საუკეთესო წამალია.
ამჯერად კი ყველაფერი უკვე მეორე დღეს ჩაქრა - ორშაბათს საპროტესტო აქციის მასშტაბები არათუ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, არამდე თბილისის რომელიმე რაიონის გამგებლის გადაგდებისთვისაც კი არ იყო საკმარისი.
ეს არის მოცემულობა, რომელსაც ყველა მიეჩვია - პირველი დღე კარგია, მეორეს არაუშავს, მესამეც, არც მწვადი და არც შამფური, მაგრამ მთლიანობაში წავა - როგორც ფეხბურთში - „წავაგეთ, მაგრამ ბევრი მომენტები გვქონდა"..
თუმცა, საბოლოოდ დასასრული მაინც ერთი და იგივეა - რიხიანად დაწყებული საპროტესტო მოძრაობა საბოლოოდ თითქმის ცარიელ მოედანთან მღაღადებელი ორატორებით სრულდება...
ორთქლი გამოშვებულია, მუხტი გამოილია, ენერგია არ დარჩა, ქართველი ხალხი ისევ ძილს დაუბრუნდა. ცხოვრების მეტ-ნაკლები გაუმჯობესების შანსი კიდეც ერთხელ დაიკარგა, მათ შორის - ამ დღეებში.. ალბათ ერთ-ერთი ბოლო შანსი - ის, რაც 5-6 ივლისს ჩვენ დავინახეთ თბილისში, თავმოყვარე ერისთვის საკმარისი იქნებოდა უწყვეტი საპროტესტო ტალღისთვის, ჩვენთან კი ერთ საღამოში მორჩა ყველაფერი.
როდის იქნება კიდევ მეორე ასეთი შანსი, რა საშინელებასთან გვექნება საქმე იმ დროს და გვექნება საერთოდ თუ არა - არავინ იცის, ფაქტი მხოლოდ ისაა, რომ ამჯერად ფანჯარა დაიხურა.
ქართველი ხალხი მილიონ გამართლებას მოძებნის საკუთარი პასიურობის გამართლებისთვის - ამისთვის მას ათასი სხვადასხვა მიზეზი აქვს, ყველა შემთხვევისთვის.
„არ დავდივარ იმიტომ რომ იქ ნაცები არიან" , „არ დავდივარ იმიტომ რომ ნაცები არ არიან" , "არ მივალ იმიტომ რომ ყველაფერი გეებთანაა დაკავშირებული", "არ მოვალ იმიტომ, რომ ძალიან მშვიდობიანები", ან "იმიტომ რომ ზედმეტად აგრესიულები არიან".
ისევე როგორც სარალიძეს საქმეზე - „არ მივდივარ იმიტომ, რომ ნაცები არიან" და პირიქით, ამ მივდივარ იმიტომ რომ ნაცები არ არიან.
სინამდვილეში უბრალოდ ეზარებათ - ფეხებზე ჰკიდიათ. სულ ესაა მთელი ღრმა სტრატეგია და ტაქტიკა. და ეს ძალიან კარგად იციან „ქართულ ოცნებაში" და აქციების დაწყების შემდეგ მოთმინებით ელიან მუხტის ჩაქრობას. ქართველმა ხალხმა ქოცებს ჯერ არც ერთხელ არ უღალატა და მოლოდინები არ გაუცრუა.....
ქართველმა ხალხმა წინაამღდეგობის და ბრძოლის უნარი დაკარგა - აღშფოთება ძალიან სწრაფად სრულდება და ეს სწორედ ეროვნული ენერგიის ჩაქრობასთანაა დაკავშირებული და არა იმასთან, რომ „ხალხს მიშასი ეშინია".
ხალხს საერთოდ არ აღელვებს მიშა-გრიშა, ყოველ შემთხვევაში 80-85%-ს და პოლიტიკურ ცხოვრებაში სიზარმაცის, აპათიის, ან პირადი ინტერესების გამო არ მონაწილეობს..
შესაძლოა კიდევ 1-2 ნორმალური ხალხმრავალი აქცია ჩატარდეს თუმცა, საბოლოო ჯამში ამ ეტაპზე ბრძოლა დასრულდა.
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება ცალსახად დამარცხებულია, ხოლო შავრაზმელებს ზეიმის აღნიშვნა შეუძლიათ.
ეკლესიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კანონზე მაღლა დგას და იმას გააკეთებს, რასაც საჭიროდ ჩათვლის.
ჩვენ ასევე ვართ სრულიად ახალი ეპოქის დასაწყისი - ამ ეპოქას „ილიას შემდეგ" ჰქვია, იმის მიუხედავად, რომ პატრიარქი ცოცხალია. ჩვენ ცალი თვალით დაგვანახეს ამ ეპოქის ძირითადი მახასიათებლები - თუ ილია მეორე ასე თუ ისე ჰუმანურობის და კაცთმოყვაროების იმიტაციას ახდენდა, დღეს საპატრიარქოში უფრო სასტიკები, დაუნდობლების და რეალური რწმენისგან დიდ მანძილზე მდგომი მოღვაწეების დრო მოვიდა.
მათ ნათლად დაგვანახეს, რომ დანდობა არ იქნება - საზოგადოებაზე დიდწილად დაკარგული გავლენის დასაბრუნებლად, ისინი არაფრის წინაშე უკან არ დაიხევენ,
ეკლესიამ ნათლად დაგვანახა, რომ მის მიერ უმაღლეს ოსტატობის ხარისხამდე აწეული ბლეფი ისევ მუშაობს - ბლეფი იმის თაობაზე, რომ ეკლესია საზოგადოებაში უზარმაზარი გავლენით სარგებლობს.
საპატრიარქოს წარმოუდგენელი პოპულარობა საზოგადოებაში - ფეიკია, ეკლესიის მიმართ 90%-ინი ნდობა იგივეა, რაც ქართველ მამაკაცთა 90%, რომელიც ცოლად არაქალიშვილს არ მოიყვანს და 90%, რომელიც ომის შემთხვევაში იარაღს ხელში აიღებს. ქართველთა განსაკუთრებულ რელიგიურობას რეალობასთან იგივე შეხება აქვს, როგორიც „ქალის პატივისცემას", „ვაჟკაცობას", და „ოჯახის სიწმინდეს" - ანუ, არანაირი.
ქართველების უმრავლესობა ეკლესიას პატივს იმიტომ სცემს, რომ ასეა საჭირო, ასე იყო ყოველთვის, იმიტომ რომ პატრიარქი ბუნჩულა საყვარელი ბაბუაა, რომელიც ყველას უყვარს, მაგრამ რეალურად არავინ უსმენს.
საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სრულიად უღმერთოა და რელიგია მისთვის უბრალოდ რიტუალია, მეტი არაფერი.
ხალხის მხრიდან ეკლესიის მიმართ უსაზღვრო ნდობა და პატივისცემა - ბლეფია, ოღონდ ეს ბლეფი დღემდე მუშაობს.
იმ დონემდე მუშაობს, რომ დღესაც კი სამარცხვინო ქართველი პოლიტიკოსების უმრავლესობა ეკლესიის გაკრიტიკებას და მასთან საერთოდ შეხებას ვერ ბედავს.
ცოტა ხანში დღევანდელი კრიზისი ჩაივლის, ისე, რომ ყველა თავის ადგილას დარჩება - ქოცები მთავრობაში, ეკლესია ქოცებს ზემოთ, ოპოზიცია კი - ახალი მუხტის მოლოდინში...
რომელიც აუცილებლად იქნება, მაგრამ ისევ დაიკარგება... მომაკვდავი, უპერსპექტივო ქვეყანა...

ავტორი: თენგიზ აბლოთია