გაქცეული ღმერთი

რას განიცდიან ადამიანები, როცა ძალიან ახლობელს, უფრო ზუსტად, სულის ნაწილს კარგავენ?

ზოგი „იკიდებს", ზოგი თამაშობს რომ „კიდია", ზოგი კი იმ უსინათლოს ემსგავსება, მზის შუქზეც რომ ხელების ცეცებით დადის.

ხელების ცეცებით სიარული ჯოჯოხეთური განცდაა, განცდა, რომელიც მუდმივად უკან, წარსულში გექაჩება და წინ წასვლის უფლებას არ გაძლევს.

ჩემი მეგობარიც უსინათლოა - თვალისჩინი მოულოდნელად დაკარგა და მზით განათებულ ჯოჯოხეთში აღმოჩნდა.

იცით, როგორია ეს ჯოჯოხეთი?

ყველაფერი ბრწყინავს, კაშკაშებს... ჯოჯოხეთის ბინადრებიც ჩვეულებრივი ადამიანებივით იქცევიან - ჭამენ, სვამენ, ხანდახან იღიმიან, ხანდახან ტირიან, მაგრამ ყველა ეს ემოცია და ქმედება ყალბია, ყალბია იმიტომ, რომ...
იქაურებს სული არ აქვთ...იქაურებს სული გასტაცეს!..

ჰო, სული ჩემს მეგობარსაც გასტაცეს, გასტაცეს და... უცნაური სიცარიელე იგრძნო. ეს სიცარიელე რღაცნაირად ტკივილს ჰგავს, აი, ისეთ ტკივილს, გულის ჩხვლეტისას რომ გრძნობენ ხოლმე დედამიწელები. მერე, „კორვალჯის" , „კაპტოპრილს" ან რომელინე სხვა იაფფასიან პრეპარატს გადაყლაპავენ, სისტოლურ-დიასტოლური წნევა ნორმაში დგება და გულიც ცემას ისევ რიტმულად იწყებს ხოლმე.

„კაპტოპრილი" თუ „კატაბალახა" მანაც ბევრჯერ და ბევრი დალია, მაგრამ გულის ჩხვლეტის მსგავს სიცარიელეს ვერაფერი მოუხერხა.

და ასე, უსინათლოსავით ხელების ცეცებით დადის ჩემი სულგატაცებული მეგობარი, დადის და ეძებს.

რას ეძებს?

არა, გატაცებულ სულს კი არა, სულისგამტაცებელს ეძებს. აი, იმ ადამიანს, რომელსაც სული ჩააბარა, გული ანდო და ღმერთად აქცია.

ღმერთები კეთილები არიან, მაგრამ ზოგჯერ შეცდომასაც უშვებენ.

ჩემს მეგობარს ეგონა, რომ მისი ღმერთი დაუსრულებლად კეთილი იქნებოდა, მაგრამ ეს კეთილი ზღაპარი მოულოდნელად დასრულდა - ღმერთი სადღაც წავიდა და ჩემი მეგობრის სულიც წაიღო.

...და დადის ჩემი სულგატაცებული მეგობარი, დადის უსინათლოსავით ხელების ცეცებით, დადის და გატაცებულ სულსა და... გაქცეულ ღმერთს ეძებს, ღმერთს, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ მისთვის ყველაზე ახლობელი იყო. დღეს კი - შორეული ახლობელია.

ხანდახან, როცა ვუყურებ, მგონია, რომ ჩემი სულგატაცებული მეგობქრი მე ვარ...

სული მეც ხომ გამტაცეს...

ღმერთი მეც ხომ გამექცა..

ვანო პავლიაშვილი

5 სექტემბერი, 2021 წელი